ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
21 აპრილი 2023
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოსთან.
შეხვედრების მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს სამინისტროების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე და გეგმებზე.
ჩაბა ლანტომ აღნიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიღწევები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ ამოცანაზე, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2023 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, ისაუბრა არა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ გეგმებზე.
აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელების დიდი მნიშვნელობა ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის.
შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული დარგების მიხედვით ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საინტერესო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროპული სტანდარტების დანერგვისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.